„ქართულ აფხაზური და ქართულ ოსური“ საერთაშორისო მოძრაობის ხელმძღვანელი ნესტან კირთაძე, რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, „რუსეთი საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ არსებული გეოპოლიტიკური რეალიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე რუსეთის გადაწყვეტილების გათვალისწინებით“, აცხადებს, რომ დღეს, რას იტყვის რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, თუმცა როგორი არის საქართველოს მზადყოფნა ამისათვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სიგნალი უნდა იყოს.
კირთაძის თქმით, თუკი მსოფლიო დაინახავს, საქართველოს მზადყოფნას და ურყევ ნებას მუდმივი მშიდობისა და ჩვენს ხალხებს შორის, ურთიერთობების აღდგენისათვის, რასაკვირველია, ეს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ამ მიმართულებაზე გავლენას მოახდენს.
„აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხი, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, რეალური განხეთქილების ვაშლია. ეს არის ის უმძიმესი ვითარება, რომელიც ბოლო ოცმა წელმა განსაკუთრებით კი, 2008 წლის აგვისტოს სისხლიანმა დაპირისპირებამ გამოიწვია. ჩვენ ამ ვითარებას უმკაცრესი რეალობით უნდა შევხედოთ ვინაიდან, საქმე არ გვაქვს მხოლოდ კონფლიქტთან, საქმე გვაქვს კიდევ უფრო მძიმე რეალობასთან, რაც პატარა საქართველოს პოლიტიკურ რუკაზე სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დეიურე აღიარების მცდელობაა.
ხაზგასმით ვამბობ მცდელობას და არა როგორც ფაქტს ვინაიდან, დასავლეთი მოგეხსენებათ, ჯიუტად ადგას, სრულიად სამართლიანად არაღიარების პოლიტიკას, რომელიც საქართველოს უქმნის ისტორიულ შანს ჩვენი მთლიანობისა და გაერთიანებისათვის“, - განაცხადა კირთაძემ და აღნიშნა, რომ სწორედ, ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა მოძრაობა „ქართულ აფხაზური და ქართულ ოსური სახლი“ , რომელიც აფხაზებსა და ოსებს სამოქალაქო დიპლომატიის დონეზე დიალოგს შესთავაზებდა.
კირთაძე მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა გადადგას რეალური, თამამი და მამაცი ნაბიჯები, რათა ხალხებს შორის ურთიერთნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის აღდეგნა დაიწყოს.
„თუკი მთელი მსოფლიო დაინახავს საქართველოს მზადყოფნას და ურყევ ნებას მუდმივი მშიდობისა და ჩვენს ხალხებს შორის, ურთიერთობების აღდგენისათვის რასაკვირველია, ეს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე გავლენას მოახდენს“, - განაცხადა კირთაძემ.