თბილისის მერიაში მიიჩნევენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ისე, რომ მის საკუთარ ფუნქციებში ვერ გაერკვა, უპასუხისმგებლო პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთებას აგრძელებს. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უსაფუძვლოდ მივიჩნევთ. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულის პრევენცია და ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირება, მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა და ამ პასუხისმგებლობის ქალაქის თვითმმართველობის ორგანოებზე დაკისრება, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კი, რომელიც სამინისტროს სისტემაში შემავალ ერთ-ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს, მხოლოდ კლიენტთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ახდენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, დაცვის პოლიცია მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მხოლოდ მერიის კუთვნილი ქონების და არა საზოგადოებრივი წერსიგის დაცვას ახორციელებდა. ისევე, როგორც ამჟამად თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ფუნქციას, მხოლოდ ბაღებისა და სკვერებში განთავსებული ქონების დაცვა წარმოადგენს. ამასთან, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ამ პერიოდში ბაღებსა და სკვერებში, რომლებშიც მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები მორიგეობენ, დანაშაულის ჩადენის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, მინისტრის განცხადება ამ მიმართულებით არის ტყუილი. აღნიშნული, კი, კიდევ ერთხელ, ნათლად მიუთითებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ისე, რომ მის საკუთარ ფუნქციებში ვერ გაერკვა, კვლავ აგრძელებს, უპასუხისმგებლო პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთებას" - აღნიშნულია განცხადებაში.