საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ტრანსპორტის საკითხებს მიეძღვნა.
ღონისძიება თურქეთის ქალაქ იზმირში ჩატარდა. მინისტერიალზე განხილული იყო შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.
მინისტრებმა მოისმინეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხორციელდება აღნიშნული ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე კონკრეტული პროექტები.
მათ შორის, ე.წ. „წრიული საავტომობილო მაგისტრალის“, საზღვაო მაგისტრალებისა და საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებები.
„მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა ორ დოკუმენტს. პირველი მათგანი გაფორმდა საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთსა და ყაზახეთს შორის და შეეხება საკონტეინერო ბლოკ-მატარებლის ამოქმედებას ყაზახეთიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, თურქეთის მიმართულებით. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს დამატებითი ტვირთნაკადის მოზიდვას საქართველოს გავლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით.
მეორე დოკუმენტი ბაქო-თბილისი-ბათუმი-ტრაბზონის ავტომაგისტრალზე დამხმარე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ითვალისწინებს“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო ფორუმის პარალელურად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა რეგიონის სხვა ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებთან და საერთაშორისო საავტომობილო კავშირის ხელმძღვანელობასთან.