საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ტურიზმის სფეროში მომუშავე კერძო კომპანიებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო აქვეყნებს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას რამდენიმე ათეული ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტურიზმი არის საქართველოს ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და კომპანიის წარმომადგენლებს ტურიზმის სფეროს მომავალი წლის გეგმები გააცნო.
მინისტრის პირველმა მოადგილემ უპასუხა ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან და მიმდინარე პროექტების გაგრძელებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტები გაგრძელდება, მაგრამ მოხდება მათი გადახედვა თანხისა და ეფექტურობის კუთხით.
„ხელისუფლება ყველა მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს ტურიზმის სექტორთან. მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს ასევე გააცნო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივა მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ, რომლის მიზანიც ტურიზმის სექტორში არსებული ვითარების განხილვა და მთლიანად ტურიზმის სფეროს განვითარების კუთხით სარეკომენდაციო გადაწყვეტილებების მიღება იქნება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.