თბილისის განვითარების ფონდი მოქალაქეებზე ზეწოლას უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არასოდეს ჰქონია.
„თბილისის განვითარების ფონდი არ არის ის სტრუქტურა, რომელმაც შეიძლება ზეწოლა განახორციელოს ვინმეზე. მსგავს ფაქტს ადგილი არასოდეს ჰქონია. ჩვენი კარი ნებისმიერი მოქალაქისთვის ღიაა და თუ ვინმე თვლის, რომ დააზარალებულია ფონდის სამუშაოების შედეგად, შეუძლია მობრძანდეს და პრეტენზიები გაგვაცნოს. ჩვენ თითოეულ საკითხს გავარკვევთ და შევისწვლით. მარჯანიშვილისა და ცაბაძის ქუჩებზე, იქ, სადაც თბილისის განვითარების ფონდი სამუშაოებს აწარმოებს, მოქალაქეებთან გაფორმებულია ინდივიდუალური ხელშეკრულებები. თითოეულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ ფონდი სამუშაოების განხორციელებისას დაზიანებული ქონების სრულად აღდგენის ვალდებლებას იღებს. ცაბაძისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება" - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე, ზაზა გაბუნიამ თბილისის განვითარების ფონდი ცაბაძისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე მცხოვრებთა ფართების უკანონო გადაფორმებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მარჯანიშვილისა და ცაბაძის ქუჩების შენობების გარე ფასადების რეაბილიტაციის პარალელურად დაირღვა ათობით მოქალაქის საკუთრების უფლება და მათ მატერიალური ზიანი მიადგათ.
დეპუტატის თქმით, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორისა და ფონდის მესვეურების მხრიდან მოქალაქეებზე ხორციელდებოდა ზეწოლა მათ საკუთრებაში არსებული ფართების დათმობის მიზნით. საკრებულოს წევრი ფონდისგან მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
გაბუნიას ინფორმაციით, ცაბაძის ქუჩის მაცხოვრებლები მთავარი პროკურორის სახელზე წერილს ამზადებენ.