შოთა ხიზანიშვილის სასჯელთან დაკავშირებით, თბილისი მერის გიგი უგულავას მიერ გაკეთებული განცხადება სწორი არ იყო, თუმცა არც ის არის გამართლებული, რომ პოლიტიკურმა პირებმა მოსამართლეების დასჯაზე ისაუბრონ. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე თბილის მერის იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც უგულავა აღნიშნავს, რომ ვიცე-მერის შოთა ხიზანიშვილის სასჯელთან დაკავშირებით მოსამართლემ ზეწოლას ვერ გაუძლო.
„ასეთი განცხადება ნებისმიერი პირისგან მიუღებელია. ეს იქნება თბილისის მერი თუ სხვა პოლიტიკური ფიგურა. სასამართლოს მიმართ ზეწოლას ნიშნავს. თუმცა, არც ის არის მისაღები, რომ როცა პოლიტიკური პირები გამოდიან და აცხადებენ, რომ მოსამართლეებს დასჯიან. ესეც არასწორია და ესეც სასამართლოზე განხოციელებული ზეწოლაა. მნიშვნელობა არ აქვს ვინ გააკეთებს მსგავს განცხადებას. არცერთ პოლიტიკურ პირს არ აქვს უფლება მოსამართლე დასაჯოს" - განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც მსგავსი განცხადებების შემდეგ შენიშვნის სახით განცხადება გააკეთა, პოლიტიკოსები აღნიშნული ტიპის განცხადებებს აღარ აკეთებენ.