რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზასა და კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავის ქუჩების გარე განათებების დასამონტაჟებლად ჩატარებული ტენდერების დროს დაშვებული დარღვევები აღმოაჩინა.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარღვევებს შორის ერთ-ერთი ის არის, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გარე განთებების ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისიამ შეფასებაზე მხოლოდ შპს „ენერჯი ინვესტ გრუპი" დაუშვა.
„დანარჩენი 5 ორგანიზაციის წინადადება არ ჩაითვალა მისაღებად. ამასთან, ხელშეკრულება გაფორმდა ისეთ ორგანიზაციასთან, რომელსაც ყველა ტენდერში მონაწილე სხვა ორგანიზაციებთან შედარებით გაცილებით მაღალი ფასი წარმოდგენილი ჰქონდა. რაც შეეხება თელავის ქუჩების გარე განათებების ბოძების მონტაჟს, ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით, ერთსანათიანი ბოძის ფასი 2800, ხოლო ორსანათიანი ბოძის ფასი 3200 ლარია, მაშინ, როდესაც ტენდერის მიხედვით თითოეულ ბოძში 6515 ლარია გადახდილი. მიუხედავად იმისა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია ექვს ორგანიზაციაზე გაიცა (შპს "არტესი", შპს "სანი", სს. "საქენერგორემონტი", შპს "ენერგჯი ინვესტ გრუპი", "შპს "ინ-სი" და სს "ერისიმედი"), სატენდერო წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ ერთობლივმა საწარმომ სს "ერისიმედი" და შპს "ჯავამ" შემოიტანა და შესაბამისად გამარჯვებაც მას მიეკუთვნა"- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე ინფორმაციით, მასალები აღმოჩენილი დარღვევების შესახებ გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნება.