საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ პირთა მიერ, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების მითვისების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2012 წლის 27 ნოემბერს ორგანიზაციის ოფისიდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა დოკუმენტები, ასევე, მათ კუთვნილ სამ სასაწყობო ფართში მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია მიმდინარეობს.
ამასთან, ორგანიზაციის არცერთი ობიექტი დალუქული არ არის და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს თავისუფლად მუშაობის საშუალება აქვთ.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს II სამმართველოში შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელების მიერ ყალბი საანგარიშგებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 2009 წლის 13 ივნისს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით). შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 2006 წლის 18 დეკემბერს რეგისტრირებულია იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #67 და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს დასუფთავებასთან დაკავშირებული მომსახურეობის გაწევა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებელი ქალაქ თბილისის მერიაა, დირექტორად 2010 წლის 22 ნოემბრამდე დაფიქსირებული იყო გიორგი ხუჭუა, ხოლო აღნიშნული თარიღიდან დღემდე - თორნიკე შიოლაშვილი“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.