საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, ამერიკულ პრესაში საქართველოს ახალი მთავრობის მიმართ გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიებზე საუბარი კოლეგებთან ექნება.
ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ბოლო დროს რამდენიმე ასეთი სტატია გამოქვეყნდა. ამას ალბათ, თავისი მიზეზი აქვს. ჩვენ ყველაფერ ამაზე ლაპარაკი გვექნება. მე ამ ყველაფერს ავუხსნი ამერიკელ კოლეგებს და დარწმუნებული ვარ, რომ გაგებით მოეკიდებიან ჩვენს ახსნა-განმარტებას" - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ოფიციალურ შეხვედრებს მაია ფანჯიკიძე დღეს იწყებს. პირველ შეხვედრას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი რამდენიმე საათში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან გამართავს. შეხვედრები გაიმართება სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებთანაც.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, შეხვედრების დროს განხილული იქნება ორმხრივი საკითხები. „ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. განხილული იქნება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მუშაობა, ასევე საქართველოსთვის მნიშვნლოვანი თემები, როგორიცაა ნატო-ში ინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობა"- აღნიშნა ფანჯიკიძემ.