იტალიის ქალაქ ტარანტოს ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელმაც ევროპაში ერთ–ერთ უმსხვილეს ფოლადგადამამუშავებელ ქარხანა Ilva–ს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, დაშავდა 40–ზე მეტი ადამიანი. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში იქნენ გადაყვანილნი. მეხი დაეცა ქარხნის უზარმაზარ მილს, რომელიც გადმოვარდა და თავის მხრივ ქარხანასთან ახლოს გამავალ სარკინიგზო მაგისტრალზე მუშაობა შეაფერხა. მილის დაზიანებამ ჰაერში მავნე ნარჩენების გამოყოფა გამოიწვია. ქარხნის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ ეტაპზე ნარჩენების გამოყოფა კონტროლირდება. რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფინანსური პრობლემების გამო, ქარხანა Ilva–ს დახურვა იგეგმებოდა.
სტიქიამ იტალიის სამხრეთ რაიონებსაც შეუტია. ქარიშხალი თავს დაატყდა ფლორენციას, სიცილიასა და სარდინიას. გადაუღებელი წვიმების გამო ფლორენციაში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქის ქუჩები დატბორა, კოკისპირულმა წვიმებმა რამდენიმე ადგილას მიწაყრილის ჩამოწოლაც გამოიწვია.