„დემოკრატიული მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, წარმოებაში მიღებული საქმეები  სტრასბურგის სასამართლოდან არ გამოიწვიოს

„დემოკრატიული მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, წარმოებაში მიღებული საქმეები სტრასბურგის სასამართლოდან არ გამოიწვიოს

 

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოდან წარმოებაში მიღებული საქმეები ტრასბურგის სასამართლოდან არ გამოიწვიოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ლიდერმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად იცის, რომ მას შემდეგ რაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ოფიციალურად აღიარებს წინა ხელისუფლების პერიოდში პოლიტიკური პატიმრების არსებობას, ბუნებრივად დადგება პრეზიდენტისა და ყოფილი ხელისუფლების მმართველი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი.

ამდენად, როგორც ბურჯანამაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მიზანმიმართულად ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანებისათვის პოლიტპატიმრის და პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა პარლამენტში მაქსიმალურად გაჭიანურდეს ან ჩაიშალოს.

ბურჯანაძის განმარტებით, ეს ვადა მათ სჭირდებათ მიმდინარე პროცესის დისკრედიტაციისათვის და პარალელურად საკუთარი პარტიის, როგორც ახალი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის ვითომდა მსხვერპლად წარმოსაჩენად.

„ჩვენ არც კი ვუშვებთ იმის ალბათობას, რომ პოლიტპატიმრისა და პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი 5 დეკემბერს გდასცილდება. საპარლამენტო უმრავლესობამ, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული, მზაკვრული ქმედებებისა, ყველაფერი უნდა გააკეთოს აღნიშნული, ჩვენის აზრით, ქვეყნისათვის ღირსების საკითხის, უმოკლეს ვადაში, დადებითად გადასაწყვეტად“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც დღემდე ღირსეულად იხდიან სასჯელს, უარს ამბობენ საპატიმროების შეწყალებით დატოვებაზე პოლიტიკური პატიმრის სტატუსის გარეშე, რადგან არ აღიარებენ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მათ წინააღმდეგ მოგონილ აბსურდულ ბრალდებებს.

„მოვუწოდებთ ახალ ხელისუფლებას არ გამოიწვიონ სტრასბურგის სასამართლოდან საქართველოდან წარმოებაში მიღებული საქმეები, არამედ პირიქით, მოახდინონ აღნიშნულ საქმეთა ანალიზი, რომ ევროატლანტიკური სტრუქტურებისათვის, რომლებმაც მხოლოდ 1 ოქტომბრის შემდეგ დაიწყეს საუბარი საქართველოში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, თვალნათლვ დაინახონ ნაციონალური ხელისუფლების პერიოდის საქართველოს ობიექტური რეალობა. „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიულ მოძრაობის“ არაერთი საქმე უკვე დიდი ხანია წარმოებაში აქვს მიღებული სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას და დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველა ეს საქმე ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება” - აღნიშნა ბურჯანაძემ.