ჯორჯ სოროსის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო" განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი თბილისს კერძო ვიზიტით ეწვევა.
„საზოგადოებაში გამოწვეული ინტერესის საპასუხოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ვიზიტი არის არაოფიციალური, მისი მიზანია ფონდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, ორგანიზაციის ბოლო წლების მუშაობის შეჯამება და სამომავლო სტრატეგიის განხილვა. არ არის გამორიცხული, რომ ახალი პოლიტიკური რეალობის გაცნობის მიზნით, ჯორჯ სოროსი შეხვდეს პოლიტიკურ ლიდერებსაც.
ასევე, გვსურს განვაცხადოთ, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს ჯორჯ სოროსი „ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდეს, არ შეესაბამება სიმართლეს. ჯორჯ სოროსი და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ არ აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და მათ საქმიანობას საქართველოში. ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიზანი ყოველთვის იყო და უახლოეს წლებშიც იქნება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ინტერესების ადვოკატირება" - აღნიშნულია განცხადებაში.