შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული რეფორმა განხორციელდა. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე მინისტრებმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ი) გაუქმების საკითხზე იმსჯელეს.
„ეს არის ის ცვლილება, რომელიც საზოგადოებას ხელისუფლებაში მოსვლამდე დავპირდით. კუდ-ის ბაზაზე უკვე შეიქმნა ორი ახალი სამსახური - სახელმწიფო უსაფრთხოების და ანტიკორუფციული სააგენტოები. სოდ-ის დეპარტამენტი კი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს შეუერთდა. შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ასევე, შეიქმნა რეფორმებისა და განვითარების ახალი სააგენტო და მინისტრის აპარატი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.