ევროკავშირის ელჩის საქართველოში ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება უშედეგო და საზიანო ჩხუბში არ უნდა ჩაებან.-ამის შესახებ მან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროპა ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიული ფორმის განვითარებით ყოველთვის დაინტერესებული იყო.
„ევროპის ბევრი ქვეყანა სუპერ-ცენტრალიზაციისგან მოდის, ბევრი - დეცენტრალიზებისგან და ახლა ვხედავთ, როგორ ერგებიან ეს მოდელები ერთმანეთს. ადგილობრივი მთავრობა ყოველთვის იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი და ბევრი გამოწვევა ჰქონდა. მას ზოგჯერ აქვს ცენტრალური მთავრობისგან განსხვავებული პრიორიტეტები. ცენტრალური მთავრობა, განსაკუთრებით რეგონული სამინისტროები მუშაობდნენ ყოვლისმომცველ მიდგომაზე, რომელმაც შესაძლოა, გამონახოს თანამშრომლობის გზები ადგილობრივ მთავრობასთან. ვხედავ, რომ ამ მხრივ საქართველო წინ მიდის. ძალიან ხშირად, ადგილობრივი მთავრობის, ცენტრალური მთავრობის და პარლამენტის არჩევნები არ ემთხვევა ერთმანეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა უნდა იმუშაონ ერთად და გამონახონ საუკეთესო გზები ქვეყნისა და ხალხისთვის" - განაცხადა დიმიტროვმა.
როგორც მან აღნიშნა, ყოველთვის არის დიდი სურვილი ცენტრალური მთარობის მხრიდან, რომ მკაცრად დააკვირდეს, რა ხდება სხვადასხვა ადგილას, თუმცა კოჰაბიტაცია აუცილებელია.
„ერთ-ერთი საკითხი, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება უშედეგო და საზიანო ჩხუბში არ ჩაებას. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის აუცილებელია, გაიგოს ცენტრალური მთავრობის კომპეტენცია და ითანამშრომლოს იმ ფარგლებში, რაც შეუძლია. ცენტრალურმა მთავრობამ კი უნდა გაიგოს, რომ ადგილობრივ მთავრობას აქვს საკუთარი მიდგომები და იდეები. თანამშრომლობის მიღწევის შესაძლებლობა და საერთო მიზნისთვის მუშაობა მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, საქართველოს უზარმაზარი შესაძლებლოვა აქვს, აჩვენოს რომ ყველა ძალა მზადაა, იმუშაოს დემოკრატიული სტანდარტების და პრინციპების ჩამოყალიბებისთვის, შენარჩუნებისა და განვითარებისთვის" - აღნიშნა დიმიტროვმა.