პრეზიდენტის შენახვა ყოველდღიურად 140 000 ლარი გვიჯდება - ამის შესახებ პრემიერ-მინიტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის შესახებ პროექტი მეორე მოსმენით იქნა დამტკიცებული.
„მესამე მოსმენა გველოდება წინ და შეიძლება, პატარა ცვილილებები კიდევ შევიდეს. შევთანხმდით, რომ შემდეგ წლის ბიუჯეტი იქნება ხარისხობრივად განსხვავებული, თუმცა ამ ბიუჯეტში მოვახერხეთ და პრეზიდენტისა და ქალაქის გაურკვეველი ხარჯები შევკვეცეთ. ამის ხარჯზე მოვახერხეთ და სოციალურ სფეროს თანხები დავუმატეთ, ასევე თავდაცვის სამინისიტროს 52 მილიონი ლარი დავუმატეთ. აქაც გაუაზრებული ხარჯები იყო უკვე განხორციელებული. N რაოდენობის უძველესი ტიპის კალაშნიკოვის შეძენაზე დახარჯული იყო 42 მილიონი ლარი. ასევე ტანკის ყიდვისთვის გადარიცხული იყო 3 მილიონი და შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცების კვებისთვის და ა.შ. თანხები არ ჰქონდა დარჩენილი. ჩვენ იძულებულები გავხდით, ეს თანხა დაგვემატებინა" - განაცხადა ივანიშვილმა.
მან ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„ჩვენი პრეზიდენტი მინიმუმ 140 000 ლარი გვიჯდება ყოველდღიურად. ასევე არამიზნობრივ ხარჯებს ჰქონდა ადგილი კანცელარიაში. მაგალითად, თვეში 48 ტონა საწვავი იხარჯებოდა, როდესაც ჩვენ 7.5 ტონას ვხარჯავთ. ასევე შემცირდა რეცხვაზე თანხები. ეს პატარა ციფრებია, მაგრამ დამოკიდებულება არის განსხვავებული" - განაცხადა ივანიშვილმა.