პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული სარედაქციო წერილის, რომლის თანახმადაც, „ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება სასურველი სტუმარი, ვიდრე პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერს და ძალაუფლების უზურპაციას ეწევა“, კომენტირებისას განაცხადა, რომ ის ამ წერილს არ გაცნობია, თუმცა აღნიშნა, რომ წერილში მოყვანილი არცერთი ბრალდება სწორი არაა.
ივანიშვილი მსგავის სტატიების გამოქვეყნებას პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ლობირებას უკავშირებს და აღნიშნა, რომ დასავლურ პრესაში გამოქვეყნებულ კრიტიკულ მასალებზე მთავრობის მხრიდან რეაგირება იქნება.
„ამ წერილს არ გავცნობივარ. არც ერთი ეს ბრალდება არ არის სწორი. გავარკვევთ როგორ მოხერხდა და დაიბეჭდა ეს წერილი, ევროპაშიც გამოქვეყნდა ასეთი სტატიები. ჩვენი პრეზიდენტი რასაც ახერხებს და ლობირებს, ეს არის. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იმყოფება ამერიკაში და რეაგირება აუცილებლად გვექნება“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ცალკეული დაკვეთილი სტატიები, ვერც კანონმდებლობას შეაფერხებს, ვერც ინვესტიციებს და ვერც იმიჯს შეულახავს საქართველოს.
„უცხოელებმა, რომლებსაც საქართველოსთან აქვთ კავშირი, კარგად იციან რეალობა“, - განაცხადა ივანიშვილმა.