საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „მე-9 არხი“ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ არ შეუერთდება.
„დიდი პოლემიკა გამოიწვია „მე-9 არხთან“ დაკავშირებით ჩემმა მოსაზრებამ. ყველაფერი გასაგებად ვთქვი და არ მქონია მხედველობაში ის, როგორც ეს საკითხი ოპონენტებმა გადათარგმნეს, თუმცა ამ საკითხზე ჩემი დამოკიდებულება შევცვალე. ვფიქრობ, რომ „მე-9 არხი“ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ შეუერთდება. ვჩუქნიდი „მე-9 არხის“ ქონებას და ტექნიკას „პირველ არხს“, მაგრამ ეს ოპოზიციონერებმა სხვანაირად გაიგეს“,- განაცხადა ივანიშვილმა.
მისი განმარტებით, „მე-9 არხი“ არ დაიხურება და ისეთივე რეჟიმში დარჩება, როგორც ახლა მაუწყებლობს, მაგრამ მის ოჯახს მასთან კავშირი აღარ ექნება.
„მე ძალიან მაწუხებს ის, რომ ჩემი ოჯახის წევრი „მე-9 არხთან“ დაკავშირებულია. ვცდილობთ, რომ შევქმნათ საინტერესო ბორდი, რომელსაც მართვაში გადაეცემა არხის აქციები“, - განაცხადა ივანიშვილმა.