შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტრო ძალიან ბევრ საქმეზე მუშაობს და კიდევ ბევრი ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოვლინდება. როგორც მან აღნიშნა,მათ შორის ცნობილი სახეებიც იქნებიან.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სამინისტრო ბევრ საქმეს სწავლობს. ბევრი მძიმე დანაშაულია, გამოკვეთილი და ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში შესასწავლად პროკურატურას გადაეგზავნება“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კახეთის კუდ-ის უფროსი დაპატიმრებულია.
„კახეთის კუდ-ის უფროსის მხრიდან ჩადენილი ძალიან ბევრი დანაშაული გამოვლინდა, მათ შორის საუბარია, მთელ რიგ მძიმე დანაშაულებებზე“ - აღნიშნა მან.
მინისტრის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შსს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს ინფორმაციას.
კახეთის საოლქო პროკურატურამ შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ლორთქიფანიძე დააკავა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დავით ლორთქიფანიძე სსკ–ის 333–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს.
"დაუზუსტებელი ცნობით, კუდ–ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობის დროს, დავით ლორთქიფანიძემ ერთ–ერთ ბიზნესმენს რამდენიმე ძვირადღირებული მანქანა აყიდინა და შემდეგ კერძო პირისთვის აჩუქებინა. ამასთან, ბიზნესმენმა, ლორთქიფანიძის დავალებით, დიდი რაოდენობით თანხა გადაურიცხა ერთ–ერთ მედიასაშუალებას", - იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, დავით ლორთქიფანიძე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის ძმაა. გია და დავით ლორთქიფანიძეების სახელს უკავშირდება ახმეტაში, ნანა ლეჟავას გადაცემა "კვირის რეპორტაჟის" ჟურნალისტების ცემა.