საქართველოს საგარეო პრიორიტეტების პოპულარიზაცია „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ ვალდებულება ხდება

საქართველოს საგარეო პრიორიტეტების პოპულარიზაცია „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ ვალდებულება ხდება

საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“  საკანონმდებლო ვალდებულება ხდება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა. პროექტის ავტორი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტია.

ცვლილებებით, მაუწყებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან  დაკავშირებული მოვლენების შესახებ.

პროექტის მიხედვით, სამეურვეო საბჭოს, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პროგრამულ პრიორიტეტებს განსაზღვრავს, პრიორიტეტულ ვალდებულებად ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენები ემატება.

ამასთან, პროექტით, საზოგადოებრივი მუაწყებელი და ასევე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელნი ვალდებულნი ხდებიან - ეთერში განთავსების მიზნით, წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ - ერთ საათში არანაკლებ 60 წამისა, საიდანაც 10 წამი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, სოციალურ რეკლამას დაეთმობა.

პროექტის ავტორთა განმარტებით, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი კრიტერიუმების დაკმაყოფილების ყველაზე ეფექტური მექანიზმი საზოგადოების მზაობაა, რასაც მუდმივი ინფორმირება სჭირდება. მათი განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, საქართველო-ევორკავშირს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს საკითხი საზოგადოებაში პოპულარიზაციას საჭიროებს.