სატელევიზიო პროექტ „ტოპ-გოგოს" გამარჯვებული თაკო თალაკვაძე პროექტის ორგანიზატორს „კიკალა სტუდიო TV-ს" ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით თაკო თალაკვაძემ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
როგორც თალაკვაძე აცხადებს, ხელშეკრულების მიხედვით გამარჯვებულს ბრიტანეთში წამყვან სამოდელო კომპანიებთან თანამშრომლობას დაპირდნენ, რაც არ შესრულდა. მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ მას მხოლოდ 100 ფუნტი სტერლინგი და ჯინსის ქურთუკი გადასცეს.
როგორც თაკო თალაკვაძის ადვოკატმა ია სირანაშვილმა განაცხადა, ისინი მოითხოვენ თალაკვაძისათვის მოხდეს ყველა იმ პირობის შესრულება, რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და აუნაზღაურდეს მორალური ზიანი. ადვოკატის თქმით, უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება მოდელთა უფლებების დაცვის ასოციაცია, რათა მსგავსი პრობლემები მოდელებს აღარ შეექმნათ.
უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ხშირად ხდებოდა მსგავსი ფაქტები და მოდელებს ანაზღაურების გარეშე მონურ პირობებში ამუშავებდნენ. ჩხარტიშვილის თქმით, მომავალში მოდელთა უფლებების დაცვის ასოციაცია იზრუნებს იმაზე, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.