საქართველოში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში „საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას ხელი მოეწერა.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობას ყველა იმ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც საქართველოსა და უნგრეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობებით დასჯადია, სულ მცირე ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის ვადით. მათ შორის, ისეთი მძიმე დანაშაულების, როგორიცაა - ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი, ნარკოდანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, ადამიანებით ვაჭრობა, უკანონო მიგრაცია, კიბერდანაშაული, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და სხვა.
აღნიშნული დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენის, გახსნისა და აღკვეთის მიზნით, შეთანხმების მხარეების სამართალდამცავი ორგანოები კისრულობენ ვალდებულებას, გაცვალონ ოპერატიული ინფორმაცია და მონაცემები, დაეხმარონ ერთმანეთს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და ფარული ღონისძიებების განხორციელებაში, ძებნილ პირთა ძებნაში, ითანამშრომლონ პერსონალის ტრენინგისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში, გაცვალონ ექსპერტები, ითანამშრომლონ მოწმეთა დაცვის საკითხში.
ამასთანავე, საქართველოსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს „საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების" საიმპლემენტაციო ოქმს, რომელიც განსაზღვრავს რეადმისიის შესახებ ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების საიმპლემენტაციო დებულებებს და არეგულირებს კონკრეტულად საქართველოსა და უნგრეთს შორის აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის დეტალებს.