ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებულების სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.
უზენაესი სასამართლოს ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა სისხლის სამართლის საქმეს ბრალდებულების ნინო ყურუას, მიხეილ ამაშუკელის, კობა ჯაბუას, მიხეილ მესხის და გაგა ამბროლაძის მიმართ, რომელთაც ბრალი ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ იმაში, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს ამომრჩეველთა მოსყიდვაში.
„აღნიშნული გამოიხატა შემდეგში - მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" ქუთაისში 2012 წლის 10 ივნისს აქცია დაგეგმა. მასში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად 2012 წლის 5 ივნისს პარტიის აქტივისტებმა მოსახლეობასთან გამართეს შეხვედრები, რა დროსაც ხსენებული პირები მოქალაქეებს ბუკლეტების შევსებისა და მათში ქონებრივი ხასიათის სურვილების დაფიქსირების გზით დაპირდნენ 1000 ლარის ფარგლებში, ფულის ან სხვა ქონების გადაცემას. 2012 წლის 27 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მხარემ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, იშუამდგომლა ნ. ყურუას, მ. ამაშუკელის, კ. ჯაბუას, მ. მესხის და გ. ამბროლაძის მიმართ წარდგენილი ბრალდების მოხსნა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, რაც მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლოს მიერ საქმის შეწყვეტას იწვევს" - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.