გიგი უგულავა თავის მოადგილეს, შოთა ხიზანიშვილს, თავდებად უდგება. უგულავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება ხიზანიშვილის მერიაში საქმიანობას არ ეხება, მას ნებისმიერი სამართალდამცავი უწყების, მათ შორის, სასამართლოს წინაშე თავდებში დაუდგება.
"დღეს, როგორც ჩანს, პროკურატურამ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი და დაკავებულია ჩემი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, მისი ბრალდება მერიაში საქმიანობის პერიოდს არ ეხება, მე ვუდგები მას თავდებში, რადგან ვიცნობ დიდი ხანია, ვიცი, რომ იგი პროფესიონალი, ერთგული და პატიოსანი ადამიანია. მზად ვარ ჩავერთო და განვახორციელო ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება, რაც ჩემი მხრიდან შესაძლებელია, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა", -განაცხადა უგულავამ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ მუშაკთა მიმართ გამოძიება მიმდინარეობს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებულნი არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილი. დაკითხვას ესწრება ხიზანიშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი.