საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი ჩამოვიდა.
როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში მედიასთან სასაუბროდ არაერთი შესაძლებლობა ექნება.
„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში. ეს კარგი შესაძლებლობაა ახალ მთავრობასთან შესახვედრად" - აღნიშნა ფილიპ გორდონმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. 14:00 საათზე ფილიპ გორდონი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ხოლო 17:00 საათზე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს შეხვდება.
„თბილისში ყოფნისას სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას, რომ აშშ ერთგულია აშშ–საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების, რაც გამოიხატება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების, აგრეთვე საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერაში"- აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.