არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის საქმიანობასა და პოლიტპატიმრების მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ პრესკონფერენცია გამართეს.
ორგანიზაციების წარმომადგენელთა განმარტებით, 2012 წლის 1 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შეიქმნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი დაკომპლექტდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, შევიდა ამ ჯგუფის შემადგენლობაში.
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ სტატუსის განსაზღვრა მოხდებოდა სწორედ ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად.
მათივე ცნობით, სამუშაო ჯგუფის მუშაობისას გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რომლებიც ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა ჯგუფის ეფექტიანად მუშაობისათვის. სამუშაო ფორმატი და ვადები არ იძლეოდა საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას.
„ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მივიჩნევთ, რომ ჯგუფმა უნდა მოამზადოს დასაბუთებული, ობიექტური და სამართლიანი რეკომენდაციები თითოეული საქმის შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ ზედაპირული შეფასებები, უზუსტობები და უსამართლო მიდგომები. ეს შეთავაზება არ გულისხმობდა ყველა საქმის მასალის დეტალურ შესწავლას და პროცესის წლების განმავლობაში გაჭიანურებას, არამედ იმ აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების შეფასებას, რაც აუცილებელი იყო პირისათვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მისანიჭებლად. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ჯგუფის მუშაობის ფორმატის შეცვლა ვერ მოხერხდა და ჯგუფში აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და და “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” დატოვა ჯგუფის შემადგენლობა.
ჩვენ მიერ ჯგუფის დატოვებამ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებში. გავრცელდა ბევრი არასწორი ინფორმაცია, რომ საია არ აღიარებს საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობას, არ უწევს მათ დახმარებას და არ შეუსწავლია თავის დროზე პოლიტიკური პატიმრების საქმეები.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ უკვე წლებია ვმუშაობთ პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე, ვუწევთ მათ საადვოკატო დახმარებას საქართველოში და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. შესწავლილი გვაქვს არაერთი პოლიტიკური პატიმრის საქმე, გამოცემული გვაქვს ანგარიშები და კვლევები.
მაგალითიად, საიამ 2010 წელს შეისწავლა 24 პოლიტიკური პატიმრის საქმე, აღნიშნულის თაობაზე სპეციალური ანგარიში გამოიცა 2011 წელს. ამ ეტაპზე კი ვსწავლობთ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა საქმეებს - ჯამში 30 საქმე (მათ შორის ზაზა სამხარაძის, გია სალუქვაძის საქმეებს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა საქმეებს რომლებიც დღეს ჩვენდა გასაოცრად ხელს აწერენ განცხადებას საიას წინააღმდეგ) რომელთაგან ზოგიერთი არის ჯგუფური საქმე და მოიცავს, დაახლოებით, 50 პირის სისხლის სამართლის საქმეს.
ჯგუფის დატოვების მიუხედავად, ჩვენ, საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი, აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე. ვაპირებთ, ვითანამშრომლოთ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან და კომიტეტის სხდომაზე წარვადგინოთ მოსაზრებები ჩვენს მიერ შესწავლილ პოლიტიკური პატიმრების საქმეებთან დაკავშირებით. ჩვენი დასკვნების ნაწილი უკვე გაეგზავნა პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს და ჩვენ გავაგრძელებთ ამ სახის დასკვნების მათთვის მიწოდებას, რათა დავეხმაროთ ჯგუფს მუშაობაში“ - ნათქვამია ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ ერთობლივ განცხადებაში.