სალონიკში მიმდინარე ბერძნულ-გერმანული კონფერენციის დროს, დაახლოებით 250-მდე ბერძენი ცდილობდა შენობაში შესასვლელი გადაეღობათ და კონფერენციის მონაწილენი შენობაში არ შეეშვათ. მათ საბერძნეთში გერმანიის კონსულს ვოლფგანგ ხელშერ-ობერნიაერს ყავაც კი გადაასხეს.
Associated Press-ის ინფორმაციით, კონსულის განცხადებით, ის სულაც არ გაბრაზებულა, რადგან ეს „მხოლოდ გაუგებრობა გახლდათ“.
მოგვიანებით დემონსტრანტები მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გასაპროტესტებლად შენობაში შეიჭრნენ, პოლიცია იძულებული გახდა ისინი ძალით გამოეყვანა შენობიდან, მათ დასაშლელად კი ცრემლსადენი გაზი და ხელკეტი გამოეყენებინა.
BBC News-ის ინფორმაციით, ამავე კონფერენციას ესწრებოდა გერმანიის შრომის მინისტრი ჰანს-იოაჰიმ ფუხტელი, რომელმაც სალონიკში ჩასვლის წინ განაცხადა, რომ იმ საქმის გაკეთებას, რასაც სამი ბერძენი საჯარო მოხელე ვერ აუდის, მას თავისუფლად ასრულებს ერთი გერმანელი.