რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა და მათ მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის მოადგილემ მოინახულა დარიალის ხეობაში მდებარე წმ. მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის სამონასტრო კომპლექსი, რომლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაცია შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, ამჟამად სამუშაოების მხოლოდ 83% შესრულებული.
მინისტრის მოადგილემ, ასევე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი დაათვალიერა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დასასრულს უახლოვდება აღნიშნულ გზაზე არსებული 2 გვირაბის რეაბილიტაცია.
რაც შეეხება აღნიშნული საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთს, რომლის რეაბილიტაციაც შპს „სახელმწიფო სსამშენებლო კომპანიის“ ქვეკონტრაქტორ კომპანია „ნიუ-ენერჯის“ უნდა განეხორციელებინა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებული ჯერაც არ არის. პრობლემებთან არის დაკავშირებული აღნიშნული გზის საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე მონაკვეთის რეაბილიტაციის საკითხიც.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში შოთა მურღულია დაბა თიანეთში, მუნიციპალური განვითარების ფონდის კოორდინირებით განხორციელებულ სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებსაც გაეცნო და სოფელ წეროვანში, დევნილთა დასახლებაში შიდა გზის აღდგენის სამუშაოებიც დაათვალიერა.