საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ეროვნული უმცირესობის საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს კნუტ ვოლებეკს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ვოლებეკმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მთელი რიგი საკითხები იყო განხილული. მათ შორის, ეროვნული უმცირესობების საკითხები.
მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემასაც.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ყველა მოქალაქეს ეროვნული კუთვნილების განურჩევლად, საზოგადოება თანაბარ წევრად უნდა აღიქვამდეს" - აღნიშნა ვოლებეკმა.
მისივე თქმით, თედო ჯაფარიძესთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო „მესხების რეპატრიაციის თემაზე, რომელიც არის საქართველოს ერთ-ერთი ვალდებულება ევროპის საბჭოში გაწევრიანებისთვის".
ვოლებეკის თქმით, ახალ მთავრობას სჭირდება გარკვეული დრო, რათა შეისწავლოს ეს საკითხი.
გარდა ამისა, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მხარეებმა განიხილეს, იყო ნიგვზიანში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება. როგორც კნუტ ვოლებეკმა აღნიშნა, ეს არ იყო შეხვედრის მთავარი თემა, თუმცა ვიზიტის განმავლობაში ის ამ საკითხსაც შეეხება.
მან ასევე, აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქე ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, თავს ქვეყნის თანაბარუფლებიან მოქალაქედ უნდა გრძნობდეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა თედო ჯაფარიძემაც. მისი თქმით, შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყურადღება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც გაამახვილა.
თედო ჯაფარიძის თქმით, ქართულ მხარეს ორგანიზაციასთან მჭიდრო კავშირები ექნება და შეხვედრაზე თანამშრომლობის საკმაოდ საინტერესო პერსპექტივები გამოიკვეთა.