ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი 2013 წლის დასაწყისში გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.
განცხადების თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს შეხვედრა გამართა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ კნუდ ბარტელსთან.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებს შორის დიალოგი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შედგა.
„შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს მონაწილეობა ISAF-ის მისიაში და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. თუმცა, განხილვის მთავარი თემა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტი იყო. მხარეთა გადაწყვეტილებით, ალიანსის მაღალი რანგის სამხედროები საქართველოს 2013 წლის პირველ ნახევარში ესტუმრებიან. სამხედრო კომიტეტის ვიზიტის დაგეგმვის პროცესი უკვე დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.