გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანია „პიკს“, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხს „პიკ"-ს მართავდა, ახალი მფლობელი ჰყავს.
მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს კომპანიის 60% ოთხი დღით ადრე შექმნილ შპს „შვიესას" გადაეცა, „შვიესას" დამფუძნებელი და დირექტორი ლიტველი დარიუს იურგელავიჩუსია. ის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს და ამჟამად თბილისში ცხოვრობს.
დარიუს იურგელავიჩუსი 2009 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მრჩეველია.
ვინ არის დარიუს იურგელავიჩუსი და საიდან მოხვდა ის ქართულ შს უწყებაში?
იურგელავიჩუსის სახელი ლიტვაში 2006 წელს საკმაოდ გახმაურებულ სკანდალს უკავშირდება. 2004 წლიდან დარიუს იურგელავიჩუსი ლიტვის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
2006 წელს ლიტვის პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის მოთხოვნით, დაიწყო გამოძიება ლიტვის დაზვერვის თანამშრომლის ვიტაუტას პოციუნასის მკვლელობასთან დაკავშირებით.
Laisvas laikrastis-ის ინფორმაციით, ლიტვის დაზვერვის თანამშრომელი ვიტაუტას პოციუნასი 2006 წლის 23 აგვისტოს ბელორუსიის ქალაქ ბრესტის სასტუმრო „ინტურისტის“ მე-9 სართულიდან გადმოაგდეს. გადმოვარდნამდე მას თავის არეში მძიმე დარტყმა მიაყენეს ან მოწამლეს და შემდეგ გადმოაგდეს.
ლიტვის პარლამენტის კომიტეტმა გამოძიების დაწყების შემდეგ, ლიტვის პრეზიდენტ ვალდას ადამკუსისგან მოითხოვა ლიტვის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის დირექტორის არვიდას პოციუსის და მისი მოადგილის დარიუს იურგელავიჩუსის გათავისუფლება. პრეზიდენტმა სასტიკი უარი განაცხადა დეპარტამენტის დირექტორის გათავისუფლებაზე. დირექტორმა კი განაცხადა, რომ მის მოადგილეებს იმ შემთხვევაში გაათავისუფლეს, თუ საჭიროდ ჩათვლის.
ლიტვური მედიის ინფორმაციით, ლიტვის პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის მიერ დაწყებულ გამოძიებაში გამოიკვეთა შემდეგი დეტალები-ლიტვის უშიშროების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა პრეზიდენტთან ერთად ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული.
კერძოდ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბელორუსიაში მოკლული დაზვერვის თანამშრომელმა პოციუნასმა ლიტვის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, დამოუკიდებლად დაიწყო გამოძიება სად წავიდა ის 240 მილიონი დოლარი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის დასამარცხებლად გამოყო.
გამოყოფილი მილიონებიდან საკმაოდ დიდი ნაწილი ჯერ ლიტვაში გადმოირიცხებოდა, შემდეგ კი ბელორუსიაში მიდიოდა. მალე აღმოჩნდა, რომ ამერიკიდან გადმორიცხული მილიონები, რომელიც ბელორუსიაში „ფერად რევოლუციას“ უნდა მოხმარებოდა, სულ ხვა მიზნებით იხარჯებოდა და ბელორუსიის ნაცვლად, სულ სხვა ადგილზე მიდიოდა.
მედიის ინფორმაციით, მოკლულმა პოციუნასმა ბელორუსიაში გაარკვია, რომ ბელორუსიის რევოლუციისთვის გამოყოფილი უზარმაზარი თანხები ლიტვიდან ბელორუსიაში არც მიდიოდა და ის უშიშროების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შორის ნაწილდებოდა. სიკვდილამდე რამდენიმე დრით ადრე პოციუნასი მინსკში ამერიკის ელჩს ჯორკ კროლს შეხვდა და მისგან მნიშვნელოვანი ინფორმაციაც მიიღო.
ლიტვური მედია ვარაუდობდა, რომ ამერიკიდან წამოსული და ბელორუსიაში არ ჩასული მილიონები სწორედ უშიშროების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და პრეზიდენტს შორის ნაწილდებოდა. პოციუნასიც სწორედ ამიტომ მოკლეს და ბრესტის სასტუმროდან გადმოვარდნა იყო არა უბედური შემთხვევა, არამედ წინასწარგამიზნული და დაგეგმილი მკვლელობა.
ლიტვის პარლამენტმა მართალია, რამდენიმე წლის შემდეგ, მაინც მოახერხა და თანამდებობიდან ჯერ უშიშროების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არვიდას პოციუსი, შემდეგ კი უკვე მისი მოადგილეები დარიუს იურგელავიჩუსი და დაინიუს დაბაშინსკი გათავისუფლა.
თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, 2009 წელს დარიუს იურგელავიჩუსი საქართველოში ჩამოდის, ორმაგ მოქალაქეობას იღებს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მრჩევლად იწყებს მუშაობას.