პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობას იწყებს. ხვალ, პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.
ცვლილებებით, სასჯელისგან თავისუფლდებიან პირობით მსჯავრდებული პირები სასჯელის ვადისა და დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად. ასევე სასჯელისაგან თავისუფლდებიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული მსჯავრდებულები.
ამასთან, პროექტით, სასჯელისაგან თავისუფლდებიან მიმდინარე წლის 6 ნოემბრამდე გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები, ხოლო ამავე პერიოდამდე ჩადენილ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა, აგრეთვე გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულთა გამო აღძრული საქმეები ყველა საგამოძიებო ორგანოში შეწყდება და მათ არც სასამართლოები განიხილავენ.
გარდა ამისა, ცვლილებებით, გაუნახევრდებათ სასჯელი - არასრულწლოვნებს, ქალებს და პირველად ნასამართლევ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი ან მსჯავრდებულნი არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სსკ-ის რიგი მუხლების საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ნასამართლეობის სტატუსის მოხსნასაც ითვალისწინებს. თუმცა, ამნისტია იმ შემთხვევებზე არ ვრცელდება, როცა ძირითადი სასჯელი სახით ჯარიმა იქნა შეფარდებული. ასევე დამატებითი სასჯელი, რომელიც თავის დროზე ამნისტირებულ მსჯავრდებულებს შეეფარდათ, ძალაში რჩება და კანონის ამოქმედება მასზე არ გავრცელდება.