ყოფილი სტრიპტიზიორი „პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცი გახდა“ (VIDEO)

ყოფილი სტრიპტიზიორი „პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცი გახდა“ (VIDEO)

ამერიკელი მსახიობი ჩენინგ ტატუმი ჟურნალი People-ს  ვერსიით 2012 წლის პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცი გახდა.

32 წლის მსახიობმა ეს ინფორმაცია ტელევიზიის საშუალებით გაიგო, ხუმრობა ეგონა და ყურადღებაც არ მიუქცევია, თუმცა შემდგომ შეიფერა და ამბობს, რომ ახლა მეუღლეს უკვე  ახალი ტიტულით მიმართვასაც კი, სთხოვს.

ჩენინგ ტატუმი ცნობილი გახდა ფილმებით, „ძვირფასო ჯონ“, „ნაბიჯი წინ“, „ბრძოლა“ , „ფიცი“ , „ჯამპ სტიტის 21“ და ა.შ. ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა სტივენ სოდერბერგის ფილმმა  „სუპერ მაიკი“, სადაც სტრიპტიზიორის როლი შეასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ ტატუმი მსახიობი გახდებოდა  სტრიპტიზკლუბში ცეკვავდა. „ეს უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს.  2009 წლიდან იმ კლუბის მეპატრონე ვარ, სადაც ადრე ვცეკვავდი. როცა  ჩემი სტრიპტიზიორობის ამბავი პრესას გავუმხილე,  ჩემმა აგენტმა კინაღამ მომკლა. ვფიქრობ,  ეს ეტაპი ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო  იყო, თუმცა მოხარული ვარ, რომ დღეს ჩემი ცხოვრება შეცვლილია. სწორედ სტრიპტიზის ცეკვის დროს შემამჩნიეს და იქიდან მოვხვდი პირველ გადაღებაზე“-ამბობს უკვე პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცი, რომელიც 2009 წლიდან, როგორც თავად აღნიშნავს,  თავისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულზე ჯენი დევანზეა დაქორწინებული.

„მე და ჯენი ერთმანეთს ფილმის „ნაბიჯი წინ" გადაღებებზე შევხვდით. ჯენი კარგი მსახიობი და პროფესიონალი მოცეკვავეა, კრისტინა აგილერასთან და ჯენეტ ჯექსონთან ერთად გამოდიოდა შოუებში. მართალია, მე სტრიპტიზის მოცეკვავე ვიყავი, მაგრამ ნამდვილი ცეკვა არასოდეს გამომდიოდა. რომ არა მისი მოთმინება და დიდი დახმარება, ალბათ ამ ფილმში მოცეკვავის როლს თავს ვერ გავართმევდი. ადრე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ქალისადმი ლტოლვა სიყვარულია, მაგრამ სწორედ ჯენისთან ვიგრძენი, რა არის ნამდვილი თავდავიწყებით სიყვარული. უკეთ, რომ აგიხსნათ, როგორი გრძნობაა, იცით? აი, მაგალითად, ამ ადამიანმა ვინმე რომ მოკლას, იმ შემთხვევაშიც კი მეყვარება. მასთან თანაცხოვრებისას მივხვდი, რომ ბედნიერი მხოლოდ მაშინ ვარ, როცა ჯენის ვანიჭებ ბედნიერებას“-აღნიშნავს მსახიობი.

People  „პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცების“ რეიტინგს 1985 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს. გასულ წელს ეს ტიტული ამერიკელმა მსახიობმა ბრედლი კუპერმა მოიპოვა.