არანაირი საფუძველი არ მაქვს, ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის მფლობელების კანონიერებაში ეჭვი შევიტანო - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განუცხადა.
მისი თქმით, არხის ძველი მფლობელების დავებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და რეესტრის ამონაწერის უტყუარობის პრეზუმციას ენდობა.
„რუსთავი-2"-ის ძველი მეწილეების დავებთან დაკავშირებით სამართლებრივი განცხადებების გაკეთებას არ ვაპირებ. მე იურისტი ვარ და პასუხისმგებლობით ვეკიდები ასეთი ტიპის განცხადებებს. როცა საშუალება მექნება, პრეტენზიების საფუძვლებს გავეცნო, შემდეგ შემეძლება კომენტარის გაკეთება. ამ ეტაპზე კი, ინფორმაცია მაქვს მიმდინარე მფლობელების თაობაზე. ეს მფლობელები არიან კანონიერი მფლობელები და ვენდობი რეესტრის ამონაწერის უტყუარობის პრეზუმპციას. შესაბამისად, არავითარი საფუძველი არ მაქვს, ეჭვი შევიტანო არხის მფლობელების კანონიერებაში“- განმარტა გვარამიამ.
მისივე ინფორმაციით, „რუსთავი-2"-ის საკონტროლო პაკეტის 51%-ის მფლობელი ტელეკომპანია „საქართველოა". შესაბამისად - „რუსთავი-2"-ის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და გოგი გეგეშიძე წარმოადგენენ.
„არხის 51%-ის მფლობელია ტელეკომპანია „საქართველო", რომელიც რეალურად აღარ არის ტელეკომპანია მას შემდეგ, რაც კუთვნილი სიხშირე სხვა იურიდიულ პირზე გაასხვისა. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ იმ იურიდიულ პირთან, რომელსაც „საქართველომ" სიხშირე მიჰყიდა, „რუსთავი-2"-ს და მის დამფუძნებლებს არავითარი სამართლებრივი ბმა არ აქვთ. თავის მხრივ, ტელეკომპანია „საქართველოს" დამფუძნებლები ლევან და გიორგი ყარამანიშვილები არიან, რომლებიც, აქედან გამომდინარე „რუსთავი-2"-ის დამფუძნებლებიც არიან. შესაბამისად, „რუსთავი-2"-ის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს თუ ჩამოვთვლით, მათ წარმოადგენენ ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და გოგი გეგეშიძე. ტელეკომპანია „საქართველოდან" კი დარჩა მხოლოდ მისი ქონება, რომელიც „რუსთავი-2"-ს შეერწყა და ეს უკანასკნელი ქონებრივად გაძლიერდა. მას დაემატა ახალი შენობა, აპარატურა და რიგი სტუდიები“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„რუსთავი-2"-ის ახალი გენერალური დირექტორის თქმით, ახალ თანამდებობაზე დამფუძნებლების გადაწყვეტილებით იგი გუშინ დაინიშნა.
„ვაპირებ, აქტიურად ჩავერთო ქვეყნის ნომერ პირველი ტელეკომპანიის საქმიანობაში და ჩემი წვლილი შევიტანო იმ პროგრესში, რომელიც უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აქვს ამ კომპანიას. მაქვს მართვის, მენეჯმენტის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება და ვფიქრობ, ეს გამოცდილება ჩემი ახალი ფუნქციის შესრულებისას მნიშვნელოვანი იქნება. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მარტივი არ იყო, მაგრამ ვფიქრობ საინტერესო გამოწვევაა" - განაცხადა გვარამიამ.
რაც შეეხება არხის სარედაქციო პოლიტიკას, მისი განცხადებით, ის არ შეიცვლება.
„სარედაქციო მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება. „რუსთავი-2" დღეის მდგომარეობით ერთადერთი ყველაზე დაბალანსებული ტელევიზიაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ახალ ვითარებაში ძალიან მწვავედ გავაშუქოთ ყველა ინფორმაცია, ხოლო თუ ჩემი მოსვლით ვინმეს კითხვის ნიშნები დაებადა, ეს კითხვის ნიშნები მალე გაქრება, დამერწმუნეთ"- აღნიშნა გვარამიამ.