პოლიტპატიმრები მათი საკითხის დაჩქარებულ ვადებში განხილვას მოითხოვენ

პოლიტპატიმრები მათი საკითხის დაჩქარებულ ვადებში განხილვას მოითხოვენ

არასამთვრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებული მსჯავრდებულები ციხიდან ერთობლივ  განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებული პოლიტიკური პატიმრები დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს საქართველოს პარლამენტში ჩვენს საკითხთან დაკავშირებით განვითარებულ პერიპეტიებს. მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შექმნა პოლიტპატიმრების საკითხის შემსწავლელი კომისია და ამ კომისიის მუშაობის ბოლო თარიღად დაადგინა 19 ნოემბერი, გაგვიჩნდა იმედი, რომ თვის ბოლომდე პარლამენტი გადაწყვეტდა ჩვენი პოლიტპატიმრობის სტატუსის ოფიციალურად აღიარების და უახლოეს ხანში გათავისუფლების საკითხს. თუმცა, გუშინ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "კონსტიტუციის 42 -ე მუხლის" ერთობლივი განცხადებიდან, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი წყვეტენ კომისიაში მუშაობას, იმ მოტივით, რომ თითქოს კომისიისთვის მიცემული ვადა არასაკმარისია ჩვენი საქმეების სრულად და კომპეტენტურად შესასწავლად.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმ ადამიანებისათვის, ვისაც საერთოდ არ ჰქონია შეხება პოლიტიკური პატიმრების პრობლემასთან, რასაკვირველია, მასში გასარკვევად არათუ 2 კვირა, არამედ, შეიძლება 2 წელიც კი არ იყოს საკმარისი. თუმცა, გვეგონა, რომ აღნიშნული კომისიის წევრები უფლებადაცვით სფეროში საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები არიან, რომლებიც პოლიტპატიმრების პრობლემის შესწავლას დღეს კი არ იწყებენ, არამედ, ამაზე მათ წლობით აქვთ ნამუშევარი. ასეთებად მიგვაჩნდნენ ზემოთ დასახელებული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და თუ ვცდებით და ისინი ახლა იწყებენ ამ პრობლემატიკის შესწავლას, მაშინ გასაკვირია, რატომ დათანხმდნენ ისინი თავიდანვე ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე? განა იმთავითვე ნათელი არ იყო, რომ კომიტეტის მიერ განსაზღვრული ორკვირიანი ვადა საკმარისი იყო კომისიის წინაშე წარდგენილი 200 -მდე სს საქმის პოლიტიკური მოტივების შესასწავლად, ხოლო თუ ვინმე ამ მრავალტომიან საქმეებში ყველა სამართლებრივი ნიუანსის სიღრმისეულ შესწავლას მოინდომებს, მაშინ ჩვენი უკანონო პატიმრობა კიდევ მრავალი თვით ( ან წლით) გაგრძელდება.

განსაკუთრებით გვინდა გამოვთქვათ ჩვენი გაკვირვება "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პოზიციის გამო, რომელმაც ბოლო წლებში დაახლოებით 3,5 მლნ ლარი მიიღო გრანტების სახით და ამ წლების მანძილზე არათუ 200 -მდე პოლიტპატიმრის, არამედ სულ რამდენიმე მათგანის საქმე აქვს შესწავლილი. ამასთან , წინა ხელისუფლების დროს ეს ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობდა თავი აერიდებინა პოლიტპატიმრების პრობლემის არსებობის დაფიქსირებისაგან , ყველაზე პასიური იყო ამ საკითხში და ახლაც სხვადასხვა გამოგონილი მიზეზებით ფაქტიურად იგივე პოლიტიკას აგრძელებს, რითაც ნებით თუ უნებლიედ, გვევლინება სააკაშვილის ანტიდემოკრატიული რეჟიმის ბნელი საქმეების განვითარების ხელშემწყობად.

ჩვენ მოვითხოვთ, რათა აღნიშნულმა კომისიამ კომიტეტის მიერ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით გააგრძელოს მუშაობა და ხელი არ შეუწყოს ჩვენი უსამართლო პატიმრობის უკანონო გაგრძელებას, ვინაიდან ანტიდემოკრატიული რეჟიმის პირობებში ჩვენი პატიმრობაში ყოფნა ლოგიკური და ბუნებრივიც კი იყო, დემოკრატიული ხელისუფლების არსებობის პირობებში კი ჩვენი საპატიმრო დაწესებულებებში დარჩენა, არმხოლოდ ნონსენსია , არამედ სრულიად აუტანელი და გაუსაძლისია ჩვენთვის . ამიტომ ჩვენს საკითხზე ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების დროული მიღება გარკვეული ტესტი იქნება ამ ხელისუფლებისათვის მისი დემოკრატიული ბუნების დადასტურების თვალსაზრისით" - ნათქვამია განცხადებაში.

მას ხელს აწერენ მსჯავრდებულები: ლევან ტურაშვილი, მიხეილ ცილიკაშვილი, კაზანფარ მამედოვი, ფრიდონ მერებაშვილი , კახაბერ ტურაშვილი, დავით შიუკაშვილი, ნიკოლოზ კვეზერელი, ალექსანდრე ბიბილური, სიმონ წერიაშვილი , გიორგი ბეროშვილი, გიორგი აღაჯანაშვილი, კახაბერ თოდაძე, მამუკა ბესელია, ვასილ გოგალაძე, ზაურ მაკარიძე, ზაალ ჟვანია, კობა კობაური, ტრისტან წითელაშვილი, ბადრი ქველაძე, თორნიკე მოლაშვილი, მერაბ გიორგაძე, ალექსანდრე ერაძე, ვაჟა მახარაშვილი, ერეკლე გრძელივანიშვილი, გია სალუქვაძე, ლევან გორგიაშვილი, რევაზ მუმლაძე, ბეჟან დავითაძე , ზაზა სამხარაძე, ზვიად ბუზიაძე , ალექსანდრე ჭუმბურიძე, დავით შუკაკიძე.