ტელეკომპანია „პიკს“, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხს „პიკ"-ს მართავდა, ახალი მფლობელი ჰყავს.
Media.ge-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს კომპანიის 60% ოთხი დღით ადრე შექმნილ შპს „შვიესას" გადაეცა.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, პარტნიორთა კრებაზე გადაწყდა, რომ კომპანიის 60%-ის გადაცემის სანაცვლოდ, „შვიესა" ვალდებულია ოქმზე ხელმოწერიდან 5 წლის განმავლობაში შპს „ტელეკომპანია პიკის" კაპიტალში მილიონ ხუთასი ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
კრების ოქმში აღნიშნულია, რომ „შვისეას" „შესატანი შესაძლოა განხორციელდეს ფულადი ფორმით ან ქონებრივი შენატანის სახით".
„შვისეას" 30% „ტელეკომპანია პიკის" 55%-ის მფლობელმა მამუკა თათოშვილმა დაუთმო, 10-10% კი გიორგი აღდგომელაძემ, თამაზ გუდაძემ და ნიკოლოზ ტაბიძემ, რომელთაც მანამდე 15-15% ეკუთვნოდათ.
გამოცემის ინფორმაციით, „შვიესას" დამფუძნებელი და დირექტორი ლიტველი დარიუს იურგელავიჩუსია. ის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს და ამჟამად თბილისში ცხოვრობს. ლიტვური მედიის (Irytas.lt) ცნობით, იურგელავიჩუსი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მრჩეველი იყო.