მარგველაშვილი: სწავლის გადასახადი გაძვირდა სახელმწიფოსთვის

მარგველაშვილი: სწავლის გადასახადი გაძვირდა სახელმწიფოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაძვირების თემაზე კომენტარი გააკეთა.

მისი ინფორმაციით, სწავლის დაფინანსება თავად სახელმწიფოს გაუძვირდა, რაც იმის იმედს იძლევა, რომ სწავლის ხარისხი გაიზრდება.

„სწავლის გადასახადი გაძვირდა სახელმწიფოსთვის, რაც სახელმწიფოს ძალიან უხარია, რადგან ამის შედეგად ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გვექნება უკეთესი განათლება, მეტი შემოსავალი ექნება პროფესურას, უკეთესი განათლება ექნება სტუდენტს. სახელმწიფოს გადასახადი გაძვირდა სახელმწიფოსთვის"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ წლებში 30, 50, 70 და 100-პროცენტიანი გრანტის მქონე სტუდენტების დაფინანსება 11 მილიონ 180 000 ლარი იყო. მომავალი წლიდან კი, დაფინანსება 21 მილიონ 180 ათასი ლარი იქნება.

სოციალური პროგრამით მოსარგებლე სტუდენტების დაფინანსება გასულ წლებში 1 მილიონ 118 ათასი ლარი იყო, მომავალი წლიდან კი 2 მილიონ 318 ათასი ლარი იქნება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბაკალავრიატის სტუდენტების 2% ფინანსდებოდა სახელმწიფოსგან, მომავალი წლიდან კი ბაკალავრების 4% დაფინასდება. შესაბამისად, ბაკალავრიატის დაფინანსება 1 მილიონ 750 ათასი ლარიდან 2 მილიონ 600 ათას ლარამდე გაიზრდება.

მინისტრ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უმაღლესი სასწავლებლები ავტონომიური უწყებები არიან და სწავლის საფასურის რაოდენობას დამოუკიდებლად ადგენენ.