ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის განცხადებით, თუკი მთავრობამ მომავალში თბილისის სოციალური პროგრამების განხორციელების პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო, ადგილობრივ ბიუჯეტს დაფინანსება შეუმცირდება.
როგორც მან for.ge-ს პრეს-კლუბში დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა, მერიამ აღნიშნული პროგრამების განსახორციელებელი თანხების სხვა მიმართულებით გახარჯვით, თავის ვალდებულებაზე უარი თქვა.
„თანხები მერიამ გახარჯა სხვა მიმართულებით. ეს პრობლემა სინამდვილეში ხელოვნურადაა შექმნილი. არავითარი აუცილებლობა არ იყო იმისა, რომ მერიას ფორს-მაჟორულ ვითარებაში ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. სრულიად თავისუფალდ შეიძლებოდა წლის ბოლომდე მიეყვანა ეს საკითხი და ახალი წლიდან ერთმანეთთან მოლაპარაკების გზით გარკვეული საკითხები გადაგვეწყვიტა. მაგრამ თბილისის მერიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომელიც დროებით იყო ხელისუფლებაში, უცებ მოინდომეს საკუთარი პრობლემების ცენტრალურ ხელისუფლებაზე გადაბარება“ - განაცხადა ებრალიძემ.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, თუ როგორ მოგვარდება სოციალურად დაუცველ პირთა პრობლემა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოეგება გონს და რამდენად ადეკვატური იქნება თბილისის მერია.
როგორც ებრალიძემ აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხევაში, ცენტრალურ ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და აღნიშნულ საკითხს უყურადღებოდ არ დატოვებს.
„არის რამდენიმე საკითხი - ტრანსპორტთან დაკავშირებული შეღავათები, დაზღვევის და სოციალური დახმარების პროგრამები. დაზღვევის პროგრამა მერიამ შესაჩერებლად უკვე გაუგზავნა სადაზღვევო კომპანიებს, მაგრამ ეს საკითხი მასიურად არ გახდება პრობლემა. ყველაზე დიდი პრობლემა მაშინ შეიქმნება, თუ მერია გადაწყვეტს ტრანსპორტის შეღავათები გააუქმოს, რაც ჯერ ეს არ მომხდარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ამ პროცესის რეგულირება ხდება და მერია რადგან ხვდება საკითხის დელიკატურობას“ - განაცხადა ებრალიძემ.
მისივე თქმით, უმცირესობა, რომელიც დარჩენილია თბილისის მერიაში, ცდილობს რესურსები მაქსიმალურად თავისთვის დაზოგოს, ხოლო ხარჯები თავიდან მოიშოროს.
„მერიამ ხარჯები გადმოგვაბარა, პარალელურად კი, შესაბამისი თანხები, რაც ამისთვის იყო გათავლისწინებული, არ გადმოგვცა. ამ თანხებს ისევ ითხოვს იგი, იმ მოცულობით, რასაც იღებდა, ხოლო ვალდებულებებს ჩვენ გვაკისრებს. ამით ცენტრალურ ხელისუფლებას ეზრდება ხარჯი, რაც ბალანსს არღვევს. მთავრობას არ აქვს თავისუფალი ფინანსური რესურსები, ყველაფერი ბალანსზეა დამოკიდებული. თუკი ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, შესაძლოა ცენტრალურმა ხელისუფლებამ იფიქროს ამაზე, თუმცა ასეთ შემთხევაში ნაკლები თანხა წავა ადგილობრივ ბიუჯეტში“ - განაცხადა ებრალიძემ.