საშემოსავლო გადასახადი არ შემცირდება, თუმცა მთავრობა დაუბეგრავი მინიმუმის ცნებას შემოიღებს. ამის შესახებ დღეს for.ge-ს პრეკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
მისი თქმით, კოდექსში არსებობდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადი 18%-მდე უნდა შემცირებულიყო, რისი ვალდებულებაც 2013 წლის 1 იანვრიდან დგებოდა.
როგორც ებრალიძემ აღნიშნა, ასეთი რამ ადრეც უნდა მომხდარიყო, თუმცა ძველმა ხელისუფლებამ საშემოსავლო გადასახადი არ შეამცირა.
„თუმცა ახალ ხელისუფლებას აქვს უკეთესი წინადადება ვიდრე ეს არის. საშემოსავლო შემოსავლის 20%-დან 18%-მდე შემცირება, ანუ 2%-ანი განაკვეთის შეღავათი გარკვეულწილად უფრო მომხიბვლელი და სარგებლიანი იყო მაღალი შემოსავლის მქონე პირთათვის, ვიდრე დაბალშემოსავლიანთათვის. ჩვენ გვინდა ვისაც უფრო მეტად სჭირდება, მან მიიღოს უფრო ეფექტური დახმარება. ჩვენ არ შევამცირებთ საშემოსავლო გადასახადს, მაგრამ შემოვიღებთ დაუბეგრავ მინიმუმს“ - განაცხადა ებრალიძემ.
მისივე თქმით, ასეთი მიდგომა სოციალურად ორიენტირებული იქნება და შეღავათს დაბალშემოსავლიანი პირები მიიღებენ.
„მაგალითად, ვისი ხელფასიც 500 ლარს ქვემოთაა, შემოვა დაუბეგრავი მინიმუმის ცნება და ის შეღავათს მიიღებს, ხოლო 500 ლარს ზემოთ ხელფასის მქონე პირი - ვერა“ - აღნიშნა ებრალიძემ.
საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მამუკა ბარათაშვილის განმარტებით, შეღავათის მიღების შემთხვევაშიც ხელფასიდან გამოქვითვა ავტომატურად მოხდება, თუმცა პირი წლის ბოლოს დაკავებულ თანხას დაიბრუნებს.
„კომპანია ისევ დაბეგრავს, წლის ბოლოს კი ფიზიკურ პირს მიეცემა შესაძლებლობა დაიბრუნოს დაკავებული თანხა, რაც ჯამში მაქსიმუმ შეიძლება 360 ლარი იყოს. დაუბეგრავი მინიმუმი ნებისმიერი პირისთვის წელიწადში 1800 ლარი იქნება. წლის ბოლოს ის წარადგენს დეკლარაციას და თანხას დაიბრუნებს. გამოქვითვის და დაბრუნების ასეთი სისტემა ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს“ - განაცხადა ბარათაშვილმა.