„მე ვაფასებ აქტიურ დებატებს „ფეისბუქის" გვერდზე, მაგრამ ქართველებს ვთხოვ ერთ ოფიციალურ ენაზე წერონ - ან ფრანგულად, ან ინგლისურად, რადგან ქართულად არ შემიძლია წავიკითხო“ - ასე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავის გვერდზე, საქართველოს მოქალაქეების მიერ გუშინ გამართულ დებატებს.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უღრმესი პატივისცემის მიუხედავად, ქართულს ვერც ვკითხულობ და ვერც ვიგებ. ძალიან კი მინდა, მაგრამ არ შემიძლია. ასე რომ, კარგი იქნებოდა, თუ თქვენს მოსაზრებებს ინგლისურად ან ფრანგულად გაგვიზიარებდით. მიუხედავად ამისა, მე აზრის გამოხატვის თავისუფლების აქტიური მომხრე ვარ, რაც ჩემს „ფეისბუქის" გვერდზე გამოვლინდა"- აღნიშნა მან.
"ფეისბუქში" ანდერს ფოგ რასმუსენის გვერდზე საქართველოს მოქალაქეებმა საკმაოდ ბევრი კომენტარი დატოვეს, მას შემდეგ, რაც რასმუსენმა „საქართველოს ახალი მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაკავების გამო" შეშფოთება გამოთქვა.
მის გვერდზე საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა საპროტესტო კომენტარები გამოაქვეყნა, ნაწილმა კი მადლობა გადაუხადა. მომხმარებლები კომენტარებს ძირითადად ინგლისურ და ქართულ ენებზე წერდნენ. კომენატარებს შორის, იყო არაკორექტული კომენტარებიც, მათ შორის ნატოს გენერალური მდივნის მიმართ.