ჰერმან ვან რომპუი: იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტი  მთავრობასთან ეფექტურ მუშაობას განაგრძობს

ჰერმან ვან რომპუი: იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტი მთავრობასთან ეფექტურ მუშაობას განაგრძობს

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ,  გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ   ის იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ახალ მთავრობასთან ეფექტურ თანამშრომლობას გააგრძელებს.

„მივესალმები იმას, თუ როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ასევე ევროკავშირის ძლიერ სურვილს ეფექტურად და ინტენსიურად იმუშაოს, როგორც პრეზიდენტთან, ისე ახალ მთავრობასთან, იმ საკითხებზე, რომლებიც დღის წესრიგში მრავლადაა. იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტი განაგრძობს მთავრობასთან ეფექტურ მუშაობას, ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ იმ ღირებულ როლს, რომლის შესრულებაც საქართველოს ძლიერ საპარლამენტო ოპოზიციას შეუძლია“, - განაცხადა ჰერმან ვან რომპუიმ.

 მისი თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს.

„მე და პრეზიდენტმა ვისაუბრეთ პროგრესის შესახებ,  ვიზების გამარტივების დიალოგის პროცესში. მე ასევე აღვნიშნე მნიშვნელობა, რასაც ევროკავშირი დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას და კანონის უზენაესობას ანიჭებს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა რომპუიმ.