მიხეილ სააკაშვილი: რა პოლიტიკური მოსაზრებებიც არ უნდა გვქონდეს, ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ

მიხეილ სააკაშვილი: რა პოლიტიკური მოსაზრებებიც არ უნდა გვქონდეს, ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა და ჰერმან ვან რომპუიმ იმ პროგრესზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო წინა მთავრობის მიერ მიღწეული შედეგები ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრისას ყურადღება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებების შესახებ გაამახვილეს და ამმხრივ მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრეს.

ჰერმან ვან რომპუის განცხადებით,  მოლაპარაკების პროცესში ქვეყანამ დიდ შედეგს მიაღწია და იმედი გამოთქვა, რომ ამ კურსს ახალი მთავრობაც გააგრძელებს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და ჰერმან ვან რომპუიმ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა,  საკუთარი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადაყვანისთვის იზრუნებს.

 „ჩვენ უკვე ვართ იმ ეტაპზე, რომ თუ სწორად ვიმოქმედებთ, თუ საოცრებას არ ჩავიდენთ, თუ კინკლაობას და კონფრონტაციას არ გადავაყოლებთ საქმეს, შევძლებთ,  საქართველო არათუ დაუახლოვდეს ევროკავშირს, არამედ გაუჩნდეს პერსპექტივა, რომ გახდეს ევროკავშირის ნაწილი. ეს არის ისტორიული გამოწვევა და ისტორიული შანსი ჩვენი ხალხისთვის. არც ერთი დღე არ გვაქვს დასაკარგი. უნდა ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, რა პოლიტიკური მოსაზრებებიც არ უნდა გვქონდეს და როგორც არ უნდა ვეკამათებოდეთ ერთმანეთს, რადგან საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოებისთვის ამ გზას ალტერნატივა არ აქვს“,- განაცხადა სააკაშვილმა.