დღეს, 14 ნოემბერს ცნობილი ქართველი პოეტის მურმან ლებანიძის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა. პოეტი 1922 წლის 14 ნოემბერს აზერბაიჯანის დაბა აღსტაფაში დაიბადა. 1940 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ფრონტზე წავიდა, იბრძოდა ჯერ კავკასიონის უღელტეხილზე, შემდეგ _ ყუბანში. 1943 წელს ჭრილობების გამო დაბრუნდა თბილისში და 1945 წელს სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში. 1948 წელს დაამთვარა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1948 წელს მურმან ლებანიძე დაოჯახდა, მისი მეუღლე გახდა ელენე ჭავჭავაძე.
1945 წელს მიიღეს მწერალთა კავშირის წევრად ფრონტზე დაწერილი ლექსებისათვის. 1946 წლიდან მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. 1975-95 წლებში იყო ბეჭვდითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი, 1975-78 წლებში _ ლიტერატურის ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პ/მგ მდივანი, თავმჯდომარის მოადგილე (1978-94), 1994 წლიდან თავმჯდომარე. იყო რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე.
ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოაქვეყნა. გამოცემული აქვს ორიგინალურ თუ თარგმნილ ნაწარმოებთა ოთხმოც კრებულზე მეტი. პოეტის მთავარი წიგნებია: „რჩეული“ (1972), „ანისის აღბა“ (1972), „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი“ (1974), „რჩეული ლირიკა“ (1977), „რჩეული“ (1979): საბავშვო წიგნები „ბიჭები“ (1963), „ოთხი დრო“ (1964), რჩეულ თხზულებათა ორტომეული (1989); „უკვდავი ყვავილები“ _ კიპლინგის, ბერნსის, რუსული პოეზიის, იაპონური პოეზიის, ძველეგვიპტური ლირიკის რჩეული თარგმანები (1988), „ლიხს იქით და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეთ!“ (1981).
მურმან ლებანიძე იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემისა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ასევე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
პოეტი ეწეოდა მთარგმნელობი მოღვაწეობას. მან ქართულ ენაზე თარგმნა იაპონური, კლასიკური და ძველი ეგვიპტური პოეზიის ძველი ნიმუშები, რადიარდ კიპლინგის, რობერტ ბერნსის ლექსები, შექმნა რუსული კლასიკური პოეზისიის მიკროანთოლოგია.
თავად მურმან ლებანიძის ლექსები რამდენიმე ენაზეა თარგმნილი. მათ შორის. რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, უკრაინულ, ფრანგულ, გერმანულ და ჩეხურ ენებზე.
პოეტი 2002 წელს გარდაიცვალა, ის დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.