ანდერს ფოგ რასმუსენი: ორივეს მოგიწოდეთ, დარჩენილ თვეების განმავლობაში ერთმანეთთან კონსტიტუციის ფარგლებსა და თანაცხოვრების პირობებში გეთანამშრომლათ

ანდერს ფოგ რასმუსენი: ორივეს მოგიწოდეთ, დარჩენილ თვეების განმავლობაში ერთმანეთთან კონსტიტუციის ფარგლებსა და თანაცხოვრების პირობებში გეთანამშრომლათ

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ,  ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნამდვილი გამოცდა დემოკრატიისა არის ის, რამდენად შეუძლიათ სხვადასხვა ძალებს  ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთად იმუშაონ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ივანიშვილთან შეხვედრა კონსტრუქციულად და  პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ნატოსთვის საქართველო ერთგულ და ახლო პარტნიორად რჩება.

„თქვენ უკანასკნელ პერიოდში გააორმაგეთ თქვენი წვლილი ავღანეთში და უკვე შეუერთდით ნატო-ს მიერ დაგეგმილ მომდევნო, საკონსულტაციო მისიას ავღანეთში, რაც 2014 წლის შემდეგ ავღანური ჯარების გაწვრთნაზეა ორიენტირებული. თქვენ გაქვთ მისწრაფება, შეუერთდეთ ჩვენს ალიანსს. პრემიერ-მინისტრო, მივესალმებით თქვენს განცხადებას, რომ თქვენი მთავრობა ასევე მოწადინებულია, რათა ეს მოხდეს და გარწმუნებთ,  რომ ნატოსაც სურს, ახლო ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოსთან. ჩვენი კავშირები მტკიცეა, ჩვენი დიალოგები კი, უმაღლესი რანგისაა“, - განაცხადა რასმუსენმა.

მისივე თქმით, ამ თემებზე მიმდინარე კვირის დასაწყისში პრეზიდენტ სააკაშვილსაც ესაუბრა.

ნატო-ს გენერალური მდივანი 1-ლი ოქტომბრის არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდა.

„მოვუწოდებთ ყველა პარტიას, განაგრძონ ასეთი წინსვლა და მოახდინონ დემოკრატიული პროცესის კონსოლიდირება, რაც ნიშნავს კანონის უზენაესობის, კონსტიტუციისა და დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემას. მაგრამ ნამდვილი გამოცდა დემოკრატიისა არის ის,  რამდენად შეუძლიათ სხვადასხვა ძალებს ერთად იმუშაონ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამაზე სააკაშვილსაც ვესაუბრე. ორივეს მოგიწოდეთ, კონსტიტუციის ფარგლებსა და თანაცხოვრების პირობებში გეთანამშრომლათ ერთმანეთთან დარჩენილ თვეების განმავლობაში. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლისათვის“, - განაცხდა  რასმუსენმა.

რასმუსენმა აღნიშნა, რომ საქართველო დგას ნატო-სკენ მიმავალ გზაზე და ის აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

„ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთგული ვრჩებით, მაგრამ წევრობა საჭიროებს მეტ შრომას, რეფორმებსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას მთავრობის ყველა განშტოებას შორის. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მოძებნონ კონსენსუსი და იმუშაონ ერთად, რათა გააგრძელონ დემოკრატიული რეფორმები და მიაღწიონ უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული დემოკრატია ამ გამოცდას ჩააბარებს“,- განაცხადა რასმუსენმა.