საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო ქართულ ჯარში არსებული ვითარების შესასწავლად სამუშაო ჯგუფის შექმნას საჭიროდ არ მიიჩნევს და საქართველოს ახალ მთავრობას ნდობას უცხადებს.
„ორივე მხრიდან გამოვხატეთ მწუხარება იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში განვითარდა. მხედველობაში მაქვს დაპატიმრებები. მე შევთავაზე გენერალურ მდივანს, ნებისმიერი ფორმით მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და გასაგები. ჩვენდა სასიამოვნოდ, ბატონმა რასმუსენმა მკვეთრი ნდობა გამოგვიცხადა, ეს არ ჩათვალა საჭიროდ და აღნიშნა, რომ ყველა ჩვენს ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეპყრობა. ასეთი იყო მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა საინტერესოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მათ სხვა უამრავი საკითხიც განიხილეს.
კონკრეტულად, ივანიშვილის თქმით, საქართველომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნებით ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას და ნატო-ს წევრ ქვეყნებს ძალიან საინტერესო გზავნილი მივეცით.
„შესაბამისად, ბატონი რასმუსენისგან მივიღეთ დაპირება, რომ დეკემბერში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, რომელზეც ჩვენი მხრიდანაც იქნებიან წარმომადგენლები, აუცილებლად გაკეთდება კარგი აქცენტი ამასთან დაკავშირებით და აღინიშნება, რომ საქართველომ არჩევნებით ძალიან დიდი გამოცდა ჩააბარა“,- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადების გამო წუხილიც გამოთქვა, თუმცა გენერალური მდივნისგან დაპირება მიიღო, რომ ვიზიტი საქართველოში აუცილებლად შედგება.
„ბატონმა გენერალურმა მდივანმა დამარწმუნა, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში ისევ განიხილება და კომიტეტის ვიზიტი საქართველოში აუცილებლად შედგება. ამავდროულად, მე პირადად დავპატიჟე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები საქართველოში, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ინტეგრაციას ნატო-ში“, - განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერის განცხადებით, ნატო, სამხედროსთან ერთად, პოლიტიკური სტრუქტურაცაა და პირობა დადო, რომ ახალი მთავრობა ინსტიტუტების დემოკრატიულობის განმტკიცებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჭეშმარიტად განვავითაროთ დემოკრატიული ინსტიტუტები. ის პრობლემები, რაც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა , ჩემი აზრით, დაკავშირებული იყო ზუსტად იმასთან, რომ ყოფილი ხელისუფლება, ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის ნაცვლად, ფასადური გამონათქვამებით კმაყოფილდებოდა და არ იყო საკმარისი გამჭვირვალობა საზოგადოებაში და მათ რიცხვში - ჯარის შენაერთებშიც. საქართველოს ახალი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ყველა ქმედება გასაგები იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ნატო-სთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასახულ მიზნების მივაღწიოთ, საქართველომ უახლოეს მომავალში მოახერხოს და გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა“, - განაცახდა ივანიშვილმა.
ასევე, ქვეყნის პრემიერმა საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის პირადად ანდერს ფოგ რასმუსენსა და ნატო-ს სტრუქტურებს მადლობა გადაუხადა.