ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის განცხადებით, 2013 წლის ბიუჯეტში არსებითი ცვლილება ისაა, რომ ბიუჯეტი პირდაპირ სოციალურ საკითხებზეა ორიენტირებული.
აღნიშნულის შესახებ, ებრალიძემ დღეს, for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
„ახალმა ხელისუფლებამ საარჩევნოდ სწორედ, სოციალური დაპირებების კუთხით მოახდინა აქცენტირება და 2013 წლის ბიუჯეტი სწორედ, სოციალურ საკითხებზეა ორიენტირებული. ისეთ პროექტებზე, რომელზეც ადრე ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა და სოციალურად ორიენტირებული არ იყო, თანხები აღარ დაიხარჯება და ასეთი მუხლები აღარ იარსებებს. გასული წლების ბიუჯეტში მრავალი ისეთი პროექტები იყო, რომლის აუცილებლობას და ეფექტურობას საზოგადოება დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არსებითი და მნიშვნელოვანი ცვლილებაა“, - განაცხადა ებრალიძემ.
რაც შეეხება, ბიუჯეტში არსებულ 740 მილიონ ლარიანი მუხლის არსებობას, ებრალიძე აცხადებს, რომ 30 ნოემბერს წარმოდგენილ ბიუჯეტში შესაძლოა, ამ მაჩვენებელმა მოიმატოს.