აკაკი ბობოხიძე: უმრავლესობა პრეზიდენტის პროვოცირებას ცდილობს

აკაკი ბობოხიძე: უმრავლესობა პრეზიდენტის პროვოცირებას ცდილობს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სამსახურის მთავრობის დაქვემდებარებაში გადასვლას არ დაუშვებს.

როგორც from.ge-ს ბობოხიძემ განუცხადა, უმრავლესობა პრეზიდენტის გამოწვევას ცდილობს, რომ ინიციატივას ვეტო დაადოს.

„ქართული ოცნების“ კომპლექსური მიდგომაა, რომ გეგმაზომიერად მმართველობის ყველა შტო და სტრუქტურა თავიანთი კონტროლის ქვეშ მოაქციონ. მაგალითად, წალკაში პარტიული წარმომადგენლები ხელისუფლების აღებას ცდილობენ. ასევე საპრეზიდენტო შტოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ართმევენ.  პრეზიდენტს  აიძულებენ, რომ  თანამშრომლობიდან არათანამშრომლობის რეჟიმში გადავიდეს, რადგან  ძალიან კარგად იციან, რომ  პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადების უფლება აქვს და მათ ვეტოს გადალახვის არანაირი შანსი აქვთ. ვფიქრობ, რომ ამ კანონს მიხეილ სააკაშვილი ვეტოს დაადებს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული ეს სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშაა. არ შეიძლება, სამთავრობო დაცვა ერთი პარტიის მმართველობის ქვეშ იყოს. ფაქტია, რომ ეს არის ხელოვნური მცდელობა, პრეზიდენტი დაპისპირებასა და ვეტოზე გამოიწვიონ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ  ალბათ პრეზიდენტი ამას ხელს არ მოაწერს. ეს არის პროვოცირება დაპირისპირებისა“, - აცხადებს  ბობოხიძე.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირინე იმერლიშვილმა  „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“კანონპროექტი მოამზადა, რომლის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სამსახური მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში გადადის. ამასთან, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელს პოსტზე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს. პარლამენტში პროექტის განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.