გიორგი კალანდაძისა და ბაჩო ახალაიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 იანვარს გაიმართება

გიორგი კალანდაძისა და ბაჩო ახალაიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 იანვარს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი კალანდაძისა და ბაჩო ახალაიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 იანვარს გაიმართება.

საქალაქო სასამართლო კალანდაძისა და ახალაიას შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ:

„13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი კალანდაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე არ დააკმაყოფილა. გიორგი კალანდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით. სასამართლომ  ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ ბრალდებულ გიორგი კალანდაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 9 ნოემბერს ბრალდებულ გიორგი კალანდაძეს შეუფარდა გირაო 20000 ლარის ოდენობით, რომლის პირობებიც მას არ დაურღვევია, ასევე ის პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდა პროკურატურაში და სასამართლოში; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 ნოემბრის განჩინებით გადაყენებული იქნა საქართველოს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობიდან; საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან დადებითად ხასიათდება; ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი; საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე საქმეზე შემხებლობის მქონე პირების მიმართ ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

 ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიღო: ქმედებების ხასიათიდან გამომდინარე მისი მხრიდან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხე, ასევე, ბრალის დადასტურების შემთხვევაში მოსალოდნელი სასჯელის შიშით ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე, ასევე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და შესაძლო ზიანის სახე. აგრეთვე მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ინტერესი და ამ პროცესში ბრალდებულის მხრიდან შესაძლო ხელის შეშლის საშიშროება.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 4 იანვარს" - აღნიშნულია განცხადებაში.