სამოქალაქო საზოგადოების, პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი „სამოქალაქო განათლების ჰუმანიტარული უნივერსიტეტის-ახალი უნივერსიტეტის“ შექმნის იდეით გამოდის. რა ახალ იდეას შესთავაზებს „ახალი უნივერსიტეტი“ მსმენელს, რა ღირებულებებს მოემსახურება და რატომ შეასრულებს ის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ როლს? From.ge ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გია ბარამიძეს ესაუბრა.
საქართველოში არსებული საკმაოდ ბევრი სასწავლო დაწესებულებების ფონზე, რა ახალ იდეას შესთავაზებს „ახალი უნივერსიტეტი“ თავის მსმენელებს ან რა მიმართულება ექნება მას?
-შეიძლება ითქვას, ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მიმართულება ქართული მენტალიტეტის ევროპულ ღირებულებებთან დაახლოებაც იქნება, თუმცა თუ ვინმეს ეხამუშება სიტყვა დაახლოება, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ამოცანა იქნება მსგავსი, თუ არა იდენტური ღირებულებების მოძიება კულტურაში, საკუთარ იდეურ წყობაში,რომელიც ჩვენ აქამდე ევროპასთან გვაახლოებდა. ერთ-ერთი მთავარი მოტივი ამ წამოწყების გახლავთ ჩვენი ზნეობრივი, მენტალური მზაობა, რომ ჩავეწეროთ ევროპის სტრუქტურებში. რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ორიენტირი ევროპა გახლავთ, ბუნებრივია, არ უნდა ვიგულისხმოთ მარტო პოლიტიკური, სამხედრო, თავდაცვის სტრუქტურები, არამედ უნდა ვიგულისხმოთ ევროპული კულტურაც.
როგორ და რა პრინციპებით უნდა იმუშაოს „ახალმა უნივერსიტეტმა“?
-უნივერსიტეტი იმუშავებს იმ პრინციპებით, რაც არის გათვალისწინებული იდეის მიხედვით. უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მეცნიერებები იქნება თავმოყრილი და არა საბუნებისმეტყველო. დანარჩენი ჩვეულებრივ, იქნება სხვადასხვა პროფესორების მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროგრამებით და ა.შ. უნივერსიტეტი გამოუშვებს კრიტიკული აზროვნებით აღჭურვილ კურსდამთავრებულებს, რომლებიც ჩვენი ღრმა რწმენით, მზად იქნებიან მაქსიმალურად უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს. მათ ექნებათ არა მკვდრად შობილი და უსიცოცხლო სქემები, რომელსაც დღევანდელი საგანმანათლებლო-საუნივერსიტეტო სისტემა გვაჩეჩებს, გვასაღებს გაფუჭებულ საქონელს, ამ უნივერსიტეტში იქნება ცოცხალი ცოდნა, რომელიც შესაძლებლობებს მისცემს ადამიანებს უპასუხონ ყველაზე უფრო მწვავე გამოწვევებს.
უნივერსიტეტს ექნება ზოგადი თუ რაიმე კონკრეტული პროფილის მიმართულება?
უნივერსიტეტი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, ეს იდეა მუშაობის პროცესშია, ეს მთელი საზოგადოების ინტერესია. მსგავსი უნივერსიტეტები არსებობენ როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაშიც. ეს იქნება უნივერსიტეტი თავისი არსით, როგორც“ საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ოღონდ იმაუწყებლებს ცოდნით და არა საინფორმაციო გადაცემებით.
უნივერსიტეტში უნდა ისწავლებოდეს შემდეგი მიმართულებები-კრიტიკული საზოგადოებათმცოდნეობა, კრიტიკული ანთროპოლოგია, კრიტიკული რელიგიათმცოდნეობა, კრიტიკული კულტუროლოგია.შესაძლებელი იქნება კრიტიკული ფსიქოლოგიის შესწავლაც, ფროიდის და ლაკანის ტიპის ფსიქოანალიტიკური ტიპის მიდგომები, რომელიც საშუალებას მისცემს საზოგადოებას მასში არსებული ტაბუირებული და რეპრესირებული მდგომარეობები კრიტიკული თავლასაზრისით შეაფასოს და მისცეს მათ სრულად გამოქვეყნების შესაძლებლობა. ამ სისტემური მიდგომის მთავარ პრინციპს სწორედ კრიტიკა წარმოადგენს. ეს სასწავლო პროგრამები, მსმენელებს ისეთ ცოდნას მისცემენ, როემლიც მხოლოდ ერთი თვალით და ასპექტით, არამედ ბევრი თვალით და ბევრი ასპექტით იქნება დანახული, მსმენელი ამას მრავალნაირი კუთხით შეაფასებს და შეამოწმებს,რათა საზოგადოებასაც ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს სრულ ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილება.
პროფესურის თუ სტუდენტების საკმაოდ დიდი ჯგუფი იზიარებს „ახალი უნივერსიტეტის“ ჩამოყალიბების იდეას, ისინი უკვე იღვწიან თავთავიანთ ადგილებზე ამგვარი იდეების პროპაგანდისთვის თუ სასწავლო გეგმის შედგენაზე, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი დისციპლინების ერთობლიობას მოაწესრიგებს. მინდა აღვნიშნო, რომ მათ გარდა, ამ საკითხებზე დაინტერესებული ფსიქოლოგებიც მუშაობენ.