ზაზა გაბუნია: მთავარი პროკურატურა თბილისის განვითარების ფონდის საკითხით დაინტერესდება

ზაზა გაბუნია: მთავარი პროკურატურა თბილისის განვითარების ფონდის საკითხით დაინტერესდება

საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, მთავარი პროკურატურა თბილისის განვითარების ფონდის საკითხით დაინტერესდება.

ამის შესახებ მან მთავარ პროკურორთან არჩილ კბილაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარ პროკურორს, თბილისის განვითარების ფონდის საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება სთხოვა, რადგან არსებობს გარკვეული ეჭვები, რომ ფონდის საქმიანობაში იყო ხარვეზები და არსებობს შეკითხვები ფონდის გამჭვირვალობასთან და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებებთან დაკავშირებით.

„ეს ეჭვი გააძლიერა საქართველოს საპარალამენტო არჩევნების შემდეგ მომხდარმა რიგმა ფაქტებმა. არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და ამჯერად მიმალვაში იმყოფება ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი საბანაძე. ამასთან, ჩვენ კულუარულად ვფლობთ სარწმუნო ინფორმაციას ბატონი საბანაძის მიერ საბიუჯეტო თანხებისა და ფონდის დოკუმენტაციის მითვისებასთან დაკავშირებით" - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, პროკურატურაში განცხადების შეტანამდე, არაერთხელ სცადეს თბილისის განვითარების ფონდიდან ინფორმაციის მიღება, თუმცა არც მერიამ, არც განვითარების ფონდმა კითხვებზე პასუხი არ გასცეს.