ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს

ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს

შს ყოფილი მინისტრის მეუღლის ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში, ე.წ. კანონიერ ქურდებთან გადაიყვანეს.

ამის შესახებ ნადარეიშვილი Facebook-ში საკუთარ გვერდზე წერს.

სასჯელაღსრულების სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბრალდებული ბაჩო ახალაია გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო ახალაიას გადაყვანის მიზეზი მისი უსაფრთხოების დაცვა გახდა.

„#7 დაწესებულებაში ახალაიას გადაყვანა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა. ის გაძლიერებული დაცვის ქვეშ იქნება. ამასთან, ბაჩო ახალაია სამარტოო საკანში განთავსდება და დაწესებულების შესაბამის სართულზე, მის გარდა სხვა პატიმარი არ იქნება" - განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.

ბაჩო ახალაიას ადვოკატებს ბრალდებულის #7 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

როგორც ცნობილია, სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში ე.წ. კანონიერი ქურდები და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული.

ბაჩო ახალაიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.